თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,, ნაციონალური მოძრაობა’’ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერის მიერ დაანონსებული ტაქსების რეფორმა ჩავარდა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოწოდებული სტატისტიკის შესაბამისად, 30 000-ზე მეტი ტაქსის მძღოლიდან ოფიციალური ლიცენზია მხოლოდ 3 000-მდე მძღოლმა გაიარა, ანუ 90%-ზე მეტმა ტაქსების გადაღებვაზე უარი განაცხადა.
ხაბეიშვილმა ბრიფინგზე კორუფციულ სქემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი რეგულაციებით, მძღოლებს დამატებითი გადასახადი დაუწესდათ.
,,25 000 -ზე მეტი მძღოლი, რომელმაც უარი განაცხადა მანქანის გადაღებვაზე, მობილურ ოპერატორებზე გადავიდა, რის გამო მათ დამატებითი გადასახადის გადახდა მოუწევთ. რეალობაში ტაქსის რეფორმისგან ჩვენ ტაქსის მძღოლებისა და ჩვენი თანამოქალაქეების კანონის სახელით ძარცვა მივიღეთ’’,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ მერიას დღეს ტაქსების რეგულაციების გაუქმების თხოვნით მიმართავს.
,,ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დადგენილების ისეთი პროექტის შემუშავების პროცესში, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის მისაღები და მნიშვნელოვანი იქნება’’,-აღნიშნა დეპუტატმა.